საქართველო 2:0 ბაჰრეინი

საქართველო 2:0 ბაჰრეინი
6 ივნისი 2026

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს - 2:0. 

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის დარტყმით გახსნა. 77-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით მატჩის საბოლოო ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა. 

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ბაჰრეინთან გამარჯვებამდე, ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 2026 წლის შემოდგომაზე გამართავს. ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონი 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით დაიწყება. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე.

ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა.

საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, დღევანდელი თამაშით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, რაც ბუნებრივია.

ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ".