საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის შეკრების ფარგლებში ჩეხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მატჩის მეორე წუთზე დაწინაურდა — ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გუნდის კაპიტანმა ირაკლი თოდუამ ორამდე გაზარდა, თუმცა მალევე სტუმრებმა ჯერ სხვაობა შეამცირეს, შემდეგ კი ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მატჩის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვების რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი იყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს კოსოვოს შინ უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდება.
