საქართველო - კაბო-ვერდე | ამხანაგური მატჩი ქუთაისში

საქართველო - კაბო-ვერდე | ამხანაგური მატჩი ქუთაისში
7 ივნისი 2025

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

7 ივნისს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე შედგა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს გიორგი გოჩოლეიშვილმა უპასუხა. 

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „კაბო-ვერდეს სახით განსხვავებული და ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხუთშაბათს იყო. ფეხბურთელებმა იციან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. საქართველოში ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, მოედანზე მოსაგებად გავალთ.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა გეგმა განსხვავებული იყოს იმისგან, რაც შეკრების დაწყებამდე მქონდა. რამდენიმე ფეხბურთელმა ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მინდა დავრწმუნდე, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ასევე, სხვა ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიჩინონ თავი. ყოველთვის, როდესაც ამხანაგური თამაშები გვაქვს, მსურს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცე მოთამაშეებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმაღლეს სანაკრებო დონეზე ყველა თამაშის შედეგი მნიშვნელოვანია.  

ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს. თბილისის გარდა ვიყავით გორში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში ვართ. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია ქართული ფეხბურთისთვის“.

გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ქუთაისში სანაკრებო თამაშის ჩატარება ძალიან კარგია და სასიხარულოა პირადად ჩემთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩვენოთ და სახლში გახარებულები გავუშვათ. სეზონის ბოლოა, თუმცა როდესაც ნაკრებში ჩამოდიხარ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ“.

ნიკა კვეკვესკირი (ეროვნული ნაკრების წევრი): „სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, მიეცა და ხვალინდელ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი. მგონია, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას. 

რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი“.

ნიკა გაგნიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში უდიდესი გამოწვევა  იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა.“

საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)