საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა ქალაქ ბადახოსში გამართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ლუის ენრიკეს გუნდმა საქართველოს ნაკრების კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა.
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. გიორგი ზარიამ და ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. სანდრო ალთუნაშვილმა კი ბოლო 21 წუთი ითამაშა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:
?ვილი სანიოლი: "სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მითუმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებდნენ.
კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ერთადერთი რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.
ყველამ დავინახეთ, რომ მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებენ და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.
ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი ვისაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ რა შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, ყველა ფეხბურთელი ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს."
განვილილი შეხვედრა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამაც შეაფასა:
?გიორგი აბურჯანია: ძალიან რთული თამაში გამოვიდა, რეზულტატით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ თამაში გვაქვს და შანსი გვექნება ხასიათი გამოვისწოროთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი.
ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ.
ესპანეთი 4:0 საქართველო
ბადახოსი, ნუევო ვივერო
ესპანეთი: უნაი სიმონი (74' სანჩესი), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (60' მერინო), ლაპორტი (46' ალბიოლი), გაია (74' მენდესი), სოლერი, როდრი, მ. ლიორენტე, სარაბია, აბელ რუისი, ფერან ტორესი (60' ფორნალსი)
სათადარიგო შემადგენლობა: დე ხეა, ინიგო მარტინესი, ბუსკეცი, მორატა, კოკე, ტრაორე, ალბა
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, გიორბელიძე (76' კაკაბაძე ), აზაროვი (57' ყაზაიშვილი), ლოჩოშვილი, აბურჯანია (69' ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი, კანკავა (კ), ზარია (57' მიქაუტაძე), დავითაშვილი (69' ჩაკვეტაძე)
სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კუპატაძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, წიტაიშვილი, ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
მსაჯები: ტიაგო მარტინსი (პორტუგალია), ლუის კამპოსი (პორტუგალია), პედრო ალმეიდა (პორტუგალია), უგო მიგელი (პორტუგალია)
ვიდეო მსაჯები: ლუის გოდინო (პორტუგალია), ანტონიო ნობრე (პორტუგალია)
გაფრთხილება: კაშია (68), ჩაბრაძე (82)
გოლები: 1:0 გაია (14), 2:0 სოლერი (25), 3:0 ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)
დღესვე ესპანეთი-საქართველოს პარალელურად, ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა. კოსოვოსა და საბერძნეთის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები 6 სექტემბერს ესპანეთიდან ბულგარეთში გაემგზავრება. 8 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.