საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვედატ მურიჩიმ შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებით ზურიკო დავითაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:
?ვილი სანიოლი: "რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.
არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება, ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.
შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
განვლილი მატჩი ეროვნული ნაკრების წევრებმა თორნიკე ოქრიაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და გურამ კაშიამ შეაფასეს:
?თორნიკე ოქრიაშვილი: "მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება."
?ზურიკო დავითაშვილი: "გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ."
?გურამ კაშია: "ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ."
კოსოვო 1:2 საქართველო
პრიშტინა, ფადილ ვოკრი
კოსოვო: მურიცი, ალიტი (86' სელმანი), ფაზლი, რაშიცა (73' ბუტუჩი) ჰალიმი (73' ლოშაი), ცელინა (86' მუსლია), რაშანი (58' ლ. მ. კასტრატი), რაჰმანი, ვოივოდა, მურიჩი, დერესევიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: უიკანი, ბეკაი, დომჯონი, კრიეზიუ, შალა, ლ. რ. კასტრატი
მთავარი მწვრთნელი: ბერნარ შალანდი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გიორბელიძე (80' აზაროვი), კვარაცხელია (72' დავითაშვილი), ლობჟანიძე (89' მამუჩაშვილი), ოქრიაშვილი (72' ქვილითაია), კვეკვესკირი, წიტაიშვილი (72' ჩაბრაძე), გვილია, დვალი
სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კუპატაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
მსაჯები: პაველ რაჩკოვსკი (პოლონეთი), რადოსლავ შეიკა (პოლონეთი), ადამ კუპშიკი (პოლონეთი), ტომაშ მუშალი (პოლონეთი)
ვიდეო მსაჯები: ტომაშ კვიატკოვსკი (პოლონეთი), კრჟიშტოფ იაკუბიკი (პოლონეთი)
გაფრთიხლება: 19' დრეშევიჩი, 32' გიორბელიძე, 32' რაშანი, 45+2' ოქრიაშვილი, 88' ქვილითაია, 88' დავითაშვილი, 90+3' ლ. მ. კასტრატი, 90+3' რაჰმანი, 90+3' დვალი
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიჩი (პენ.) (45), 1:2 დავითაშვილი (82)
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.