​საქართველო 2:0 შვედეთი

​საქართველო 2:0 შვედეთი
12 ნოემბერი 2021

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი , ბათუმში , ჯგუფის ლიდერ შვედეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ხვიჩა კვარაცხელიამ ისარგებლა და მარტინ ოლსენს ახლო მანძილიდან გაუტანა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, 77-ე წუთზე კი, კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ.

​მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

საკვალიფიკციო ეტაპის დასკვნითი მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით მეასე მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ ოქტომბერში გამართა, ფაქტის აღსანიშნავად, სამახსოვრო მაისური და სპეციალური კეპი გადაეცა. სიმბოლური პრიზები კაპიტანს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

?ვილი სანიოლი: ​შვედეთი ძალიან დიდი გუნდია და ჩვენ ბედნიერები ვართ იმით რაც დღეს გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თანაბარ დონეზე ვართ. ვცდილობდით მეტოქის შეცდომები გამოგვეყენებინა და უპირატესობა ასე მოგვეპოვებინა. შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და მათ წინააღმდეგ მოგება საამაყოა. მსურს, რომ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში შვედეთს ესპანეთის წინააღმდეგ წარმატება ვუსურვო.

ბოლო წლების განმავლობაში შვედეთის ეროვნული ნაკრები თითქმის იდენტურ ფეხბურთს თამაშობს და ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. ჩვენთვის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ითამაშებდა თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რადგან მასთან ერთად და მის გარეშე შვედეთი ორი განსხვავებული გუნდია.

მსურს ჩვენი გულშემატკივრების შესახებ ვისაუბრო. მარტში ესპანეთის წინააღმდეგ და დღეს შვედეთთან მათ უდიდესი როლი ითამაშეს. როდესაც ქომაგები სტადიონზე არიან, ჩვენ მათთვის ბოლომდე ვიხარჯებით და ასეთი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გულშემატკივრებთან ერთად თამაშს გავაგრძელებთ ჩვენი მომავალი პოზიტიური იქნება. 

შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ კომენტარი დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთეს:

?ხვიჩა კვარაცხელია: ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემთვის დღევანდელი თამაში. რადგან, ორი გოლი პირველად გავიტანე როგორც გუნდურ, ისე სანაკრებო კარიერაში. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში ვთვლი, რომ გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ასეთი მეტოქის, ასე დამარცხება არ არის იოლი და ამით უფრო გახარებული ვარ, ვიდრე გატანილი ორი გოლით.

მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ.

?გურამ კაშია: დღევანდელმა მატჩმა აჩვენა თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ რიგში, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის.

​ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს. 

​საქართველო 2:0 შვედეთი

ბათუმი, აჭარაბეთ არენა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (81' ჩაბრაძე), გვილია, კვეკვესკირი (90' აბურჯანია), აზაროვი, კვარაცხელია (81' ყაზაიშვილი), წიტაიშვილი (70' დავითაშვილი), ოქრიაშვილი (70' ვოლკოვი)

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, გუგეშაშვილი, ჩაკვეტაძე, კანკავა, კაჭარავა, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ზურა ხიზანიშვილი

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი, კლაესონი (74' კულუშევსკი), კ. ოლსონი, სვანბერგი (78' კუაისონი), ფორსბერგი, იბრაჰიმოვიჩი, ისაკი (87' კარლსონი)

სათადარიგო შემადგენლობა: დალბერგი, ნორდფელდტი, კაჟუსტე, ერიქსონი, ლევიცკი, მილოშევიჩი, მრაბტი, მ. ოლსონი, სუნდგრენი

​მთავარი მწვრთნელი: იან ანდერსონი

მსაჯები: სერდარ გიოზიუბიუკი (ნიდერლანდები), იოსტ ფან ზუილენი (ნიდერლანდები), იოჰან ბალდერი (ნიდერლანდები), იროენ მანშოტი (ნიდერლანდები)

ვიდეო მსაჯები: იოჰემ კამპჰიუსი (ნიდერლანდები), სანდერ ფან დერ ეიკი (ნიდერლანდები)

გაფრთხილება: 52' ოქრიაშვილი, 55' აზაროვი, 64' ნილსონი

​გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77).

ბათუმში გამართულ დღევანდელ შეხვედრას შვიდი ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. შვედეთის წინააღმდეგ დავით ვოლკოვის დებიუტი შედგა. ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის დაწყებამდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელს სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გორში გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.