საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. ჩეხეთის წინააღმდეგ ჰამბურგში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ წუთებზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ჩვენი გუნდის შემტევმა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კი, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება. F ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ თურქეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. გილოცავთ პირველ, ისტორიულ ქულას ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, მაგრამ არაუშავს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გოლის გატანა სწორედ საბა ლობჟანიძეს სურდა. ძალიან მაგარი ფეხბურთელია და აუცილებლად გაიტანს მომდევნო მატჩებში. მისთვისაც საამაყო მომენტია, რადგან პირველი ქულა ავიღეთ დღეს ევროპის ჩემპიონატზე.
ვაგრძელებთ ბრძოლას. პორტუგალიასთან რთული თამაში გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ვითამაშებთ ჩვენს თამაშს და ვნახოთ რა იქნება.
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "ჩეხეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, თუმცა დაცვამ კარგად ითამაშა. როდესაც დიდი ძალებით შემოგვიტიეს, გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა. გამოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე, კონტრშეტევებზე თამაში, პროდუქტიულია. ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. მოგებასთან ახლოს ვიყავით და გასახდელში ამას განვიცდიდით, თუმცა ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს. გიორგი მამარდაშვილი კი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა".
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და სწორედ ასეთი თამაში მივიღეთ. ჩეხეთმა პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შემოგვიტია. მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და ალბათ გულდაწყვეტილია შედეგით, თუმცა ჩვენ შესანიშნავი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით. მან საოცარი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა გულდაწყვეტილები ვიყოთ ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტის გამო, თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია.
ევროპის ჩემპიონატზე დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვფიქრობ, ეს თამაშები ძალიან ეხმარება გუნდს და ქვეყანას. ბოლო მატჩი პორტუგალიასთან გველის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ვითამაშებთ ამბიციით, რომ გავაკეთოთ რაიმე კარგი და ამისთვის დავჯილდოვდეთ. ვიცით, რომ რთული იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ ასეთი მძიმე მატჩის შემდეგ".
მედიის საყურადღებოდ: 23 ივნისს, მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი