ნიონში, UEFA-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა მიმდინარეობს. წილისყრაში გამოვლინდება ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში, საქართველოს 17 და 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები.
ღონისძიება 19-წლამდე ნაკრების წილისყრით დაიწყო, რომელიც ივნისში ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
U19 [2008]: ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდელები, 3-გუნდიან ჯგუფში - მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.
ასევე დღესვე გამოვილნდა 17-წლამდელთა მეტოქე გუნდები - ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო გიორგი ჩიტაურის 16-წლამდელები (2010 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.
U17 [2009]: ალექსანდრე კობახიძის გუნდი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 11-17 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
U17 [2010]: გიორგი ჩიტაურის გუნდი, 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
2009 წელს დაბადებულთა ფორმაციის 17-წლამდე ნაკრებმა თუ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ფორმაციის 19-წლამდე ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდს A ლიგაში დაიწყებს.
