მატჩის ოქმი - ხორვატია 3:2 (6:7) საქართველო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ხორვატიის ქალაქ რიეკაში, ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში, მე-10 წუთზე, სტუმართა შემტევმა დიონ ბელომ გახსნა, 28-ე წუთზე კი ლუკა გაგნიძემ შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის 63-ე წუთზე, ბელომ ჩვენ კარში დანიშნული პენალტის ზუსტად შესრულებით დუბლი მიითვალა.
ანგარიშის კვლავ გათანაბრება ნოდარ ლომინაძემ შეძლო, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მარინ შოტიჩეკმა, დამატებული დროის მე-2 წუთზე ხორვატია ისევ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3.
პენალტების სერიაში, ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რომელიც სლოვაკეთში, 11-დან, 28 ივლისამდე გაიმართება.
ტურნირის წილისყრას, 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი - ბრატისლავა უმასპინძლებს.
